სამართალი

2018 წელს გამოვლენილი იქნა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 24 ფაქტი და დაზარალებულად იქნა ცნობილი 32 პირი

2018 წელს გამოვლენილი იქნა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 24 ფაქტი და დაზარალებულად იქნა ცნობილი 32 პირი, რომელთაც საქართველოს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ დაახლოებით 2 047 984 ლარის ღირებულების ქონება.

მათ შორის: 28 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 1467183 მ 2. 4 ავტომანქანა; 267მ 2. კომერციული ფართი.

2018 წელს, საქართველოს პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 14 მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. მათ შორის, 6 მსჯავრდებული ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს. აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები იყვნენ. ამავე პერიოდში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი 40 პირის მიმართ, რომელთაგანაც 12 ატარებდა პოლიტპატიმრის, 1 – პოლიტდევნილის სტატუსს.

“სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ 2015- 2018 წლებში გამოვლენილი იქნა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 170 ფაქტი და მხილებული იქნა 45 საჯარო მოხელე, რომელთაგან 29-ის მიმართ, გამოძიების წინაშე მათი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, გამოყენებული იქნა პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება; 4 საჯარო მოხელის მიმართ შეწყდა გამოძიება მათი გარდაცვალების გამო, ხოლო 12 პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. დეპარტამენტის შექმნიდან დაზარალებულად იქნა ცნობილი 254 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ დაახლოებით 49 770 717 ლარის ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.

2016 წლის 24 ივნისს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილება გახდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2016-2018 წლებში საქართველოს პროკურატურამ 65 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, მათგან 17 ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს. 57 პირის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, დანარჩენ მსჯავრდებულებზე კი გრძელდება საქმის განხილვა”- ნათქვამია 2018 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშში, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინა.

მაჩვენე მეტი
Back to top button
Close