ეკონომიკა

ვინ ჩაანაცვლა მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკში“

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

ამის შესახებ ინფორმაცია აქციონერებისთვის ინგლისურ ენაზე უკვე გამოქვეყნდა. კერძოდ, ჯგუფის გადაწყვეტილებით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მამუკა ხაზარაძეს იურკი კოსკელო ჩაანაცვლებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იურკი კოსკელო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად განვითარებად ბაზრებზე მოქმედი კომპანიების: აფრიკის სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საინვესტიციო ფონდის, ექსპო ბანკისა (EXPO Bank) და ეფაი ბანკის (FI Bank) სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. იურკი კოსკელო ამავე დროს არის ინვესტ სოლარის (ბოტსვანაში მზის ენერგიაზე ფოკუსირებული საინვესტიციო ფონდის) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

აღნიშნული პოზიციების დაკავებამდე, იურკი კოსკელო 24 წლის განმავლობაში რამდენიმე წამყვან პოზიციაზე მუშაობდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილია. 2000 წელს იურკი კოსკელო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სპეციალური აქტივების მართვის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, 2004 წელს – გლობალური ფინანსური ბაზრების დირექტორად, 2007 წელს – ვიცე-პრეზიდენტად და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ტოპ მენეჯმენტის კომიტეტის წევრად, 2011 წელს კი გენერალური დირექტორის საგანგებო მრჩევლის პოსტს იკავებდა.

იურკი კოსკელო ფლობს სლოუნის მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხს, ჰელსინკის ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის მაგისტრის ხარისხს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (MIT), ასევე მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს სამოქალაქო ინჟინერიაში (M.Sc.).

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა.

რასაც წინ უძღოდა, 8 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს. ამ საქმესთან დაკავშირებით, 13 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.

მეტის ჩვენება
Back to top button