საზოგადოება

წავიდეს “გირჩი“ და თვითონ აუგოს წესი – მიტროპოლიტი საბა 24 წლის გარდაცვლილ ახალგაზრდაზე

პოლიტიკური პარტია “გირჩი“ განცხადებას ავრცლებს, სადაც ამბობს, რომ გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს იმიტომ, რომ ის “ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი იყო. ახალგაზრდა ავარიის შედეგად 5 ნოემბერს სამტრედიაში გარდაიცვალა.

“გირჩი“ ამბობს, რომ ოჯახს გარდაცვლილი ახალგაზრდისთვის წესის აგება მართმადიდებლური წესით სურს. თავდაპირველად ეკლესიისგან უარი მიიღეს იმ დასაბუთებით, რომ მას “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული. “გირჩი“ ამბობს, რომ ეს მოწმობა შემდეგ გააუქმეს:

“ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად.

აღნიშნული ცნობის შესახებ ოჯახმა შეატყობინა როგორც სასულიერო პირებს, ასევე, საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს“, – ნათქვამია განცხადებაში

ნეტგაზეთი პასუხისთვის დაუკავშირდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას, რომელმაც გვიპასუხა:

“გირჩს შეეხმიანეთ, ისინი ხომ ამბობენ, ეპისკოპოსები ვართო და მღვდლები ვართო, წავიდნენ და თვითონ აუგონ წესი თავიანთ წევრებს“, – უპასუხა ნეტგაზეთს მიტროპოლიტმა საბამ და სატელეფონო ზარი გათიშა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button