პოლიტიკა

მყვირალა პატრიოტიზმი მშიერს ვერ დააპურებს და შიშველს ვერ შემოსავს-გრიგოლ ონიანი

ჩემს მხარდამჭერებსა და ჩემს ოპონენტებს!

პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მხარდამჭერებს, რადგან ისინი იზიარებენ ჩემს შეხედულებებს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ჩემმა მძიმე ბავშვობამ, ბევრ სიხარულმოკლებულ ახალგაზრდობამ და მრავალ ჭირ-ვარამგამოვლილ განსაცდელმომლოდინე ცხოვრების სიმწარემ მასწავლა.
მადლობას გითვლით თქვენც ჩემო ოპონენტებო, რომ თავი მოიმდაბლეთ და ზრდილობიანად მითხარით თქვენი სათქმელი, რომელიც თქვენ გაწუხებთ და რომელსაც თქვენ ხედავთ.

თქვენი ცხოვრება ,,მოხეთქილი მეწყერია, რომელიც წაგიღებს და ცოცხლად დაგმარხავს”. ჩემს ასაკში ადამიანები გმირები ვერ ხდებიან. ხვალინდელ დღეზე მოფიქრალი კაცი გმირი ვერ გახდება, გმირები თქვენ გახდებით, მაგრამ საუბედუროდ ათასში ერთი. ასეთია ბუნების წესი, ყველასგან გმირობას არ უნდა ველოდოთ. ყველა ქართველის სულიერი კოდექსი ,,სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი” მთლიანად გამორიცხავს, როგორც დიპლომატიას, ასევე კომპრომისს. ,,პოლიტიკა კი კომპრომისებისა და დიპლომატიის გარეშე არ არსებობს”. (სტალინი). გმირობა _ ემოციისა და განცდის შედეგია (არ ვთვლი მეცნიერებას) კომპრომისი და კოჰაბიტაცია კი _ სიბრძნისა და სიდარბაისლის შედეგი.

სომხური ანდაზაა: ,,ობოლს იმედს ბევრი აძლევდა, ლუკმას კი არავინო”. მყვირალა პატრიოტიზმი მშიერს ვერ დააპურებს და შიშველს ვერ შემოსავს. მე სწორედ იმ მშიერის დაპურებაზე და იმ შიშველის შემოსვაზე გესაუბრებოდით, რომელიც ქველმოქმედებამ გააკეთა საქართველოში და არა უცხოური ვალუტით ავტოსტრადების გაკეთებაზე.
დღეს ავტოსტრადები კაპიტალიზმის სწრაფი განვითარების მაგისტრალებია და არა მუშათა და გლეხთა პირობების გაუმჯობესების საშუალება. დღევანდელი მძიმე მდგომარეობა ბიძინა ივანიშვილის ცუდი კაცობის შედეგი კი არ არის, არამედ ცუდი საზოგადოებრივი ფორმაციის_ კაპიტალისტური წყობის ბრალია. თქვენ ითხოვთ სოციალურ თანასწორუფლებიანობას და მსაყვედურობთ როგორც სტალინისტს კაპიტალისტების დაცვას. მე კაპიტალისტებს კი არ ვიცავ _ მე ვიცავ მდიდარ ადამიანებს, რომლებიც უნდა იყოს ქვეყანაში და იყვნენ კიდეც სოციალიზმის პირობებში (მწერლები, მხატვრები, პოეტები, მეცნიერები, მუშები და გლეხები). თქვენ ნუ ებრძვით პიროვნებას, ნურც სააკაშვილს და ნურც ივანიშვილს, ებრძოლეთ საერთაშორისო იმპერიალიზმს, რომელიც სისხლს წოვს დაბალ ფენებს და კიდევ უფრო ამდიდრებს მდიდრებს.
ქვემო ქედელმა სახელგანთქმულმა სახალხო მთქმელმა ივანე წიკლაურმა ლექსი დაწერა ,,რამ დამაბერა?” სადაც ერთ სტრიქონში ასეთი რამ ეწერა: ,,რამ დამაბერა? ცუდმა დროების წასვლამ და,
არ მოსვლამ უკეთისამა”.
რამდენი სააკაშვილი და ივანიშვილიც არ უნდა შევცვალოთ, ხალხს არაფერი ეშველება, თუ არ შევცვლით საზოგადოებრივ ფორმაციას.
გრიშა ონიანი

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button