HOTNEWSპოლიტიკა

ჯენევის 50-ე რაუნდზე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა ბოლო დროს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით უკიდურესად გართულებული ვითარება. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებს, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს – მავთულხლართების აღმართვას, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვას და გატაცებების გახშირებულ შემთხვევებს, რის კულმინაციასაც წარმოადგენდა ექიმი გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება.

თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან, მკაცრად დაგმეს 24 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორების უკანონო დაკავება საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მათ უპრეცედენტო პროვოკაციად შეაფასეს საოკუპაციო რეჟიმის აღნიშნული ქმედება და ხაზი გაუსვეს, რომ მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უნდა მიეცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და მანდატის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შესრულების შესაძლებლობა.

ბოლო დროს გახშირებული პროვოკაციების ფონზე ხაზგასმით აღინიშნა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით აღდგენის აუცილებლობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button