ეკონომიკა

2019 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 5 200 419 მგზავრს მოემსახურა. რაც 3 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს – 2018 წელს 5 033 118 მგზავრი.

ამასთან, დეკემბერში თბილისის გარდა ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დეკემბერში 221 760 მგზავრს მოემსახურა, რაც 15 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (261 097 მგზავრი ), ხოლო 12 თვის ჭრილში, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3 პროცენტიანი კლებაა და 3 692 202 მგზავრს შეადგენს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი, მგზავრთა რაოდენობა 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებითმ 45 პროცენტით გაიზარდა და 82 551 მგზავრი შეადგინა. რაც შეეხება 12 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წელს 873 907 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 42 პროცენტით მეტია.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წელს ავიასანქციების მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის დეკემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 26 239 მგზავრმა ისარგებლა, რაც 42 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის დეკემბერი 18 492 მგზავრი). რაც შეეხება წლიურ ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელს წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 4 პროცენტით გაიზარდა და 624 178 მგზავრი შეადგინა.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2019 წელს 10 132 მგზავრმა ისარგებლა, რაც 23 პროცენტით მეტია გასული წელთან შედარებით. ამასთან, მესტიის აეროპორტი დეკემბერში 595 მგზავრს მოემსახურა, რაც 97 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს, რაც 302 მგზავრს შეადგენდა. ამბროლაურის აეროპორტმა კი, 2019 წლის დეკემბერში 67 მგზავრი მიიღო, ხოლო 2018 წლის დეკემბერში – 24 მგზავრი.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button