HOTNEWSპოლიტიკა

თალაკვაძე: ეუთოს ანგარიში ხაზს უსვამს იმას რომ ოპოზიციამ პროცესები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა

უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესი კიდევ უფრო ეფექტური გახდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა. 

ამით თალაკვაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა მოსამართლეების შესარჩევად შექმნა ახალი კანონმდებლობა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა ამ სფეროში და ეუთოს ანგარიშშიც არის ამაზე საუბარი – რომ საქართველომ ამ კუთხით გადადგა პროგრესული ნაბიჯები.

„ასევე წერია, რომ პროცესი იყო ღია და მთელ საზოგადოებას ჰქონდა საშუალება, შერჩევის პროცესისთვის ედევნებინა თვალი და კიდევ ერთი, რასაც ეუთოს ანგარიში უსვამს ხაზს, ეს არის პროცესის პოლიტიზირების მცდელობა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან – რომ ოპოზიციამ ეს პროცესები არა შესარჩევად, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.

რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული ნაწილები, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, არის შენიშვნები რომლებსაც არანაირი საფუძველი და მნიშვნელობა არ გააჩნდა შერჩევის პროცესში, მაგრამ საბოლოო შედეგი არის ის, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებმა გვირჩიეს, შეგვერჩია იმდენი მოსამართლე რომ უზენაესს სასამართლოში ადგილების ნახევარი დარჩენილიყო შემდეგი პარლამენტისთვის.

გვირჩიეს, რომ შეგვერჩია 10 ახალი მოსამართლე და რეალურად გვყავს 12, ანუ მხოლოდ 2 – ით მეტი შეარჩია პარლამენტმა. შესაბამისად, დღეს უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესში ჩვენ, რა თქმა უნდა, წინ ვართ და მომავალში ეს პროცესი კიდევ უფრო ეფექტური გახდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button