HOTNEWSსაზოგადოება

გვაჩუქეთ თქვენი ჩიჩილაკები-თბილისის ზოოპარკი საზოგადოებას მიმართავს

თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ ზოოპარკის ბინადრებს ჩიჩილაკები აჩუქონ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ცხოველები ჩიჩილაკებსაც საინტერესო ფუნქციას მოუძებნიან.

“ნაძვის ხეები მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს კი არ გვაქვს, ზოოპარკში ცხოველებსაც ვუხალისებთ დღესასწაულებს. აგერ, ბატონო, ასე შეხვდნენ ახალ წელს ჩვენი დათვები და მგლები. ხუმრობა საქმე კი არაა, იმგვარი ნაძვის ხე წამოვუჭიმეთ, ლამაზიც იყო და გემრიელიც. ფაქტიურად, სუფრა გავუშალეთ, ოღონდ – ვერტიკალურად. რას აღარ ნახავდით ზედ ჩამოკონწიალებულს – ლოყაწითელი ვაშლებიო, ხრამუნა სტაფილოებიო, ქვეშ კოხტად შემოლაგებული გოგრები, თივის წვიმები, ხის სათამაშო ბურთები. ვარსკვლავიც კი დახვდათ, კენწეროში დაკოსებული. ამ ვარსკვლავს მხოლოდ იდეური და ესთეტიკური დატვირთვა კი არ ჰქონდა, სათამაშოც იყო. რომ ჩამოგლიჯეს, მშვენივრად აგორავეს, ფხოჭნეს და დორდლეს.

ჰოდა, რა გვინდოდა გვეთქვა. ეს ნაძვის ხე კი იყო გადასარევი, მაგრამ ნაახალწლარ ჩიჩილაკებს თუ არ გადაყრით და ჩვენ მოგვიტანთ, ძალიან გაგვახარებთ. ჩვენზე მეტად კი – ჩვენს ბინადრებს. ზოოპარკის ყოჩაღი მომვლელები ათასგვარ დანიშნულებას მოუფიქრებენ – სათამაშოებს დაამზადებენ, ზედ ახუნძლავენ რამეებს და ისე შეუტანენ ცხოველებს, გირლიანდებს დაწნავენ. მოკლედ, სადაც ამ ნაძვის ხეს დაამაგრეს ვარსკვლავი, ჩიჩილაკებსაც საინტერესო ფუნქციას მოუძებნიან. თუ გემეტებათ და მაინცა და მაინც ჩიჩილაკის აბურბურების სურვილით არ იწვით, გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები.”

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button