ვიდეოსაზოგადოება

საქართველოს ელექტროსისტემას ახალი თბოელექტროსადგური შეემატა

„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათი თურნავამ განაცხადა გარდაბანში, თბოელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, აღნიშნული სადგური ორჯერ უფრო ეფექტიანია, ვიდრე ე.წ. ღია ციკლის თბოსადგურები.

„დღეს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას შეემატება კიდევ ერთი, მასშტაბური ობიექტი, ეს არის „გარდაბანი 2“, კომბინირებული ციკლის 230 მგვტ-იანი თბოსადგური. ეს არის ახალი ტექნოლოგიით შესრულებული თბოსადგური, რომელიც არის თითქმის ორჯერ უფრო ეფექტიანი, ვიდრე ძველი, ე.წ. ღია ციკლის თბოსადგურები. ეს თბოსადგური არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენი მომხმარებლების, მოსახლეობის, ბიზნესის უსაფრთხო, უწყვეტი ენერგომომარაგებით. ენერგეტიკული რეფორმა, ენერგეტიკის სფერო არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ენერგეტიკული რეფორმისა და ამ დარგის ძირეული გარდაქმნის და განვითარების აუცილებლობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, 2019 წელს აღნიშნული რეფორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დაიწყო.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button