საზოგადოება

თსუ-ს რექტორი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე მის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატის ნიშნების არსებობას კატეგორიულად უარყოფს. შარვაშიძე ბრალდებებს უნივერსიტეტისა და პირადად მის წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიად აფასებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, მის სადისერტაციო ნაშრომში, სახელწოდებით „სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“ ​პლაგიატის არანაირი ნიშნები არ არსებობს და ის დამთხვევა, რაზეც მისი ოპონენტები აპელირებენ, საკანონმდებლო დადგენილებაა, რომელზეც მან ავტორთა დიდ ჯგუფთან ერთად იმუშავა და ამ ავტორთა სახელებიც და გვარებიც მითითებულია დისერტაციაში. გიორგი შარვაშიძის თქმით, ის ამ დადგენილებაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.

რაც შეეხება ბრალდებებს, თსუ-ის რექტორის თქმით, ბრალდებების პირველად გაჟღერების შემდეგ, ეს დისერტაცია „თურნიტინისა“ (Turnitin) და „ურკუნდის“ (Urkund) პროგრამებით შემოწმდა, სადაც დამთხვევის მაჩვენებელი მხოლოდ რვა პროცენტს შეადგენდა, ისიც ნაშრომის საკანონმდებლო დადგენილების ნაწილში, სადაც მითითებული იყო ამ დადგენილების სხვა ავტორთა სახელებიც.

თსუ-ის რექტორისთვის მიუღებელია მის ნაშრომთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდებები და ამას უნივერსიტეტის მიერ წარმატებით განხორციელებულ პროექტებს უკავშირებს. მისი თქმით, ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებსა და თუ სხვადასხვა სასწავლებლებს მერკანტილური ინტერესები გააჩნიათ და რექტორზე ჩირქის მოცხებით ცდილობენ, უნივერსიტეტის წარმატებას ხელი შეუშალონ და ყველაფრის შურთ.

შარვაშიძე ასევე აცხადებს, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს ინტელექტუალური საკუთრების მიტაცებასთან დაკავშირებით, შეუძლია, სასამართლოს მიმართოს და ის ამისთვისაც მზად არის.

„ეს თემა არ დაწყებულა წელს და ერთი თვის წინ. ცვლილებას ჰყავს თავის მოკავშირეები და მოსურნეები და ბევრს არ მოსწონს ხოლმე. პირველი ფაქტი ის იყო, რომ თითქოს საერთოდ არ მაქვს დაცული დისერტაცია. მერე იყო საჩივარი იმის შესახებ, რომ დოქტორის დიპლომი, რომელიც მაქვს, არ არის ნამდვილი. ამაზეც გავეცით პასუხი, რადგან გვინდა, ვიყოთ ტრანსპარენტულები. სპეციალურად წავედით ხარისხის ცენტრში და ავიღეთ შესაბამისი დასკვნა, რომ ნამდვილია ეს დისერტაცია. არის დაცული და გვაქვს ამის დადასტურება. ის დისერტაცია, რაზეც აპელირებს, იყო დაცული უმაღლესი განათლების სტრუქტურულ რეფორმებზე საქართველოში. ის დოკუმენტი, რაზეც აპელირება ხდება, მე არ მინახავს. მე ვნახე მხოლოდ ფეისბუქპოსტები. საერთოდ მიმაჩნია, რომ ფეისბუქპოსტებით, სოციალური ქსელის პოსტებით ამ საკითხის გარჩევა არ არის სწორი. არსებობს უფრო აკადემიური გარემო, სადაც ასეთი საკითხები ირჩევა. ამდენად, რამდენიმე მცდელობა გვქონდა იმისა, რომ დაგვედგინა, რასთან გაქვს საქმე. მივმართეთ თხოვნით, „თურნიტინის“ პროგრამაში გავატარეთ ეს დისერტაცია. ჩვენი ვარაუდით, ეს არის დისერტაციის ხელნაწერი, რომელიც ინახება საჯარო ბიბლიოთეკაში. ერთ-ერთი ვერსიაა 2003 წლის. ამ დოკუმენტში დამთხვევა დაფიქსირდა რვა პროცენტი. ეს რვა პროცენტი არის ახსნილი, თუ რა არის ეს დამთხვევები. რამდენიმე ექსპერტი, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს, ამას აწერს ხელს. „თურნიტინის“ გარდა, არსებობს კიდევ ერთი სისტემა – „ურკუნდი“. გავატარეთ „ურკუნდში“ და მივიღეთ პასუხი, რომ არ დაფიქსირდა პლაგიატი და დამთხვევა 0 პროცენტი წერია. რაც შეეხება იმას, თუ რაზე აპელირებს ის პროფესორი, აპელირება არის იმაზე, რომ 34 პროცენტი არის დამთხვევა. ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ეს 34 პროცენტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, კარგია, როცა არის ბევრი საშუალება დადგენისა, თუმცა, დადგენა იქნება 34 პროცენტი, რვა პროცენტი, თუ 0 პროცენტი, არაფერს გვაძლევს, თუ არ ჩავხედეთ შინაარსს და შეესაბამება თუ არა იმას, რაზეც არის საუბარი. ამ შემთხვევაში საუბარია პარლამენტის დადგენილებაზე და არა ბროშურაზე. ეს არის ის დოკუმენტი, რომლის თანაავტორიც გახლდით და ვიყავი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, თუმცა მითვისება არ მომხდარა ამ ჯგუფის საჯარო დოკუმენტის. მე რომც არ ვყოფილიყავი წევრი და ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, აქ არ იქნებოდა არანაირი პლაგიატი, რადგან ამ შემთხვევაში საავტორო უფლებები არ ვრცელდება ასეთი სახის დოკუმენტებზე, არ ვრცელდება საკანონმდებლო აქტებზე. ის 34 პროცენტი რა არის, ამ განცხადების ავტორს უნდა ჰკითხოთ რა არის – ვინმემ „ფეისბუქში“ გამოიყენა?! ხელში გვაქვს დასკვნა, სადაც წერია, რომ მხოლოდ რვა პროცენტი არის დამთხვევისა და ჩაშლილია, რას ნიშნავს. მე ვამბობ, რომ ეს პლაგიატი არ არის. ეს დოკუმენტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა და სადაც მუშაობდა საექსპერტო ჯგუფი, მათ გარდა მუშაობდა კიდევ ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც არის ძირითადი ავტორი ამ დოკუმენტისა. ამიტომ ყველაზე მეტი პრეტენზია შეიძლება, ჰქონდეთ ამ ჯგუფის წევრებს, მაგრამ რადგან ეს არის საკანონმდებლო დოკუმენტი, ამდენად, ამაზე არ ვრცელდება საავტორო უფლებები“, – განაცხადა გია შარვაშიძემ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button