HOTNEWSპოლიტიკა

კობახიძე ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის საქართველოში ჩამოსვლის სავარაუდო თარიღს ასახელებს

ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის წევრები საქართველოში თებერვალში ან მარტში ჩამოვა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხდა. 

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა სტრასბურგში კონსულტაციები სხვადასხვა ჯგუფთან გამართა და პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ ევროპელი დეპუტატები საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ.

„გვქონდა კონსულტაციები პოლიტიკურ ჯგუფებთან და ეს გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მისია აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. ეს მისია არ იქნება ერთი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან დაკომპლექტებული. ამ მისიის ხელმძღვანელებიც არ იქნებიან ერთი პოლიტიკური ჯგუფის წევრები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ოპოზიცია ობიექტურად ნერვიულობს. ვხედავთ ოპერაციას რიგითი კორუმპირებულის გადასარჩენად. ევროპარლამენტარები იღებენ პირველად ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს შეეფარდა სისხლის სამართლის სანქცია. ერთი შეხედვით ეს იწვევს გარკვეულ აღელვებას, მაგრამ მთავარია დეტალები. რა წინასწარი კონსულტაციებიც გვქონდა იმის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შეიძლება ამ თვის განმავლობაში ან მაქსიმუმ მომავალ თვეში მისია თბილისში ჩამოვიდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ საქართველოში სვენ მიქსერის ვიზიტი ამ მისიას არ უკავშირდება. 

„სვენ მიქსერის ვიზიტი არ ეხება უგულავას საქმეს. მისი ვიზიტი ეხება ზოგადად ვითარების შეფასებას, რომელიც არის საქართველოში, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას. მიქსერის მისია განსხვავებულია. ჩვენი ინიციატივა კი ეხება კონკრეტულად გიგო უგულავას საქმეზე ფაქტების შესწავლას და ამის საფუძველზე დასკვნების გაკეთებას. ბუნებრივია, ჩვენი ინიციატივით შექმნილმა მისიამ უნდა დაასწროს სვენ მიქსერის მისიას და საბოლოო ჯამში პირველი მისიის დასკვნაც აისახება მიქსერის საბოლოო დასკვნაში. ორივეს აქვს განსხვავებული ფუნქცია“, – აღნიშნა კობახიძემ. 

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button