ეკონომიკა

თურნავა:პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 16 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა

პროგრამა  „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში 16 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, საერთო ჯამში, 2019 წელი პოზიტიური იყო საქართველოს ეკონომიკისთვის.

„ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა, გაიზარდა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით და ამ ნიშნით საქართველო უსწრებს რეგიონის მრავალ ქვეყანას. განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა. ამ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმა, იმ საწარმოებმა, რომლებმაც პროგრამის დახმარებით შეძლეს ამოქმედება, თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივი ბაზრისთვის შეთავაზება“, – აღნიშნა მინისტრმა პრეზენტაციაზე.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2014 წლიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით 6200 ოჯახზე მეტმა მიიღო მიკროგრანტები და შეძლო მცირე საოჯახო ბიზნესსაქმიანობის დაწყება.

„პროგრამამ შეიძინა ძალიან ბევრი მეგობარი, მომხრე და პოპულარობით სარგებლობს ქართველ ბიზნესმენთა შორის. ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ამ პროგრამის მხარდაჭერით და, რაც მთავარია, შეიქმნა 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი მთელ საქართველოში, ქალაქებსა თუ რეგიონებში“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button