პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში შეხვედრები დაასრულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ წარმატებული შეხვედრა გამართა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის მდივანთან მარკ ესპერთან, სადაც ის უმნიშვნელოვანესი პროექტები განიხილეს, რომელიც ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება და მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.

„შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ თავდაცვის სფეროში ამერიკასთან გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილზე: „შეხვედრაზე აღვნიშნეთ ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. მოვისმინეთ ძალიან ბევრი კომპლიმენტი ჩვენი ჯარისკაცების მიმართ ამერიკის თავდაცვის მდივნის მხრიდან. ყველა ერთხმად აღიარებს ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმს, მათი მომზადების მაღალ დონეს, რომელიც პრაქტიკულად სრულად მოდის თანხვედრაში ნატოს სტანდარტებთან“.

საერთაშორისო ფორუმის პარალელურად თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან. კანადელ, მონტენეგროელ, ლატვიელ, ბერძენ და ფინელ კოლეგებთან შედგა მნიშვნელოვანი საუბრები თავდაცვის ძალების მზადყოფნის, ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის, ტოტალური თავდაცვის, ჰიბრიდული საფრთხეებისა და ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობის შესახებ. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების აქტიური მხარდაჭერა მეტად მნიშნველოვანია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button