პოლიტიკა

მდინარაძე – ვთანხმდებით პრინციპზე, რომ 40 პროცენტზე მეტი უნდა ჰქონდეს მმართველ გუნდს, რომელსაც აქვს პრეტენზია, დააკომპლექტოს მთავრობა

არასდროს გვიფიქრია, რომ ამომრჩევლის 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერა გვქონოდა, – ამის შესახებ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე არათუ 40 პროცენტის ფარგლებში, არამედ 50 პროცენტზე მეტი შედეგის მიღებას გეგმავს.

„არც არასდროს გვიფიქრია, რომ რომელიმე პარტიას, მით უმეტეს ჩვენ, ამომრჩევლის 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერა გვქონოდა და გვეფიქრა მთავრობის დაკომპლექტებაზე. წარმოუდგენელია, ეს არც არავის უთქვამს. ჩვენ არათუ 40 პროცენტის ფარგლებში, არამედ 50 პროცენტზე მეტის მიღებას ვგეგმავთ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთან დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა, მაგრამ რადგან ოპონენტები ამბობენ, რომ 40 პროცენტზე მეტი მაინც უნდა ჰქონდეს მმართველ გუნდს, რომელსაც აქვს პრეტენზია, დააკომპლექტოს მთავრობა, კი ბატონო, ჩვენ დაუფიქრებლად ფაქტიურად, ამაზე ვთანხმდებით და ვეუბნებით – კი ბატონო, ჩვენ შევქმნათ ისეთი მოდელი ნებისმიერი კონფიგურაციით, რომელიც გამორიცხავს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას და ეს მოვარგოთ ჩვენს მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს. ასეთი მექანიზმები, ასეთი დათქმები შესაბამისად ჩავდოთ და ვისაუბროთ ნებისმიერი მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამაზე შეუთანხმებლობა  ნებისმიერი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება.

„ნებისმიერი მხრიდან, ხაზგასმით ვამბობ, ამაზე შეუთანხმებლობა არის უპასუხისმგებლობა, რადგან აღმოჩნდა, რომ მათ აქვთ წარმოდგენა, რაღაც 40 პროცენტის ფარგლებში და 37-36 პროცენტებით აპირებს ვინმე მთავრობის დაკომპლექტებას. ასეთი არც გვიფიქრია, ამიტომ შევთანხმდებით, რადგან პრინციპზე ვთანხმდებით – 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს იქნება 47-48, თუ ასე შემდეგ და ჩვენ გაცილებთ მეტს ვგეგმავთ, ვფიქრობ ამ პრინციპზე შეთანხმება შედგება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ბევრი ვერსიის განხილვა და დახვეწა შეიძლება.

„შეიძლება მოიფიქრო რამდენიმეგვარი დათქმა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მხოლოდ 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭრის შემთხვევაში  შეძლოს  მთავრობის დაკომპლექტება მმართველმა გუნდმა და საპარლამენტო გუნდმა, საპარლამენტო უმრავლესობამ. აქედან გამომდინარე, ეს დათქმა თუ იქნება, შეიძლება იყოს 100/50-ის შემთხვევაში, 110/40-ის შემთხვევაშიც, კიდევ შეიძლება,  გავზარდოთ პროპორციული მსჯელობის დროს და შევამციროთ მაჟორიტარული, ან პირიქით, თუ დათქმა იქნება, შეიძლება, სულ ერთი გახდეს, 10, 5 და 15 მანდატს, პროპორციულით იქნება თუ მაჟორიტარულით, აზრიც კი დაეკარგოს. მთავარია პრინციპი. ამიტომ მივიჩნიეთ და ამიტომ თქვა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ მეორეხარისხოვანი ხდება ყველა დანარჩენი დეტალი, თუ ჩვენ ამ პრინციპზე ვთანხმდებით. ეს პრინციპი გასაგებია და ამაზე უკვე პრინციპული შეთანხმებაც კი არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შიგნით პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

„ვფიქრობთ, ვინაიდან იმ დეტალებთან მიმართებაში, რომელზეც კონსენსუსი შედგა, გუნდის შიგნით არ არის რადიკალური ცვლილებების საჭიროება, ამიტომ პრინციპზე შეუთანხმებლობასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გუნდში ამაზე პრობლემას არ ველოდებით“, – განაცხადა მამუკა  მდინარაძემ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button