საზოგადოება

დამსაქმებლებს შექმნილ სიტუაციაში თანამშრომლების გათავისუფლების და უხელფასო შვებულებაში გაშვების უფლება არ აქვთ – პროფკავშირები

კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაციაში დამსაქმებლებს თანამშრომლების გათავისუფლების, მათი უხელფასო შვებულებაში გაშვებისა და სახელფასო ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აცხადებს.

როგორც გაერთიანებაში განმარტავენ, შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა, ხოლო მისი შეცვლა ცალმხრივად, დამსაქმებლის ინიციატივით, დასაქმებულთან შეთანხმების გარეშე უკანონო და დაუშვებელია.

რაც შეეხება კრიზისის გამო ხელფასის გადახდაზე უარის თქმას, მათივე განცხადებით, ხელფასის გადახდაზე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დამსაქმებელი ვალდებულია, გარდა კუთვნილი ხელფასისა, გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

„კანონის მიხედვით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. თუკი, დამსაქმებელი სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობს ხელფასის გადახდაზე, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ის ვალდებულია, გარდა კუთვნილი ხელფასისა, გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი (შრომის კოდექსი მუხლი 31).

ამასთანავე, თუ დასაქმებული მოცდენა მოხდა დამსაქმებლის ბრალით, ასეთ შემთხვევაში ის ვალდებულია დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მისცეს იძულებითი მოცდენის მთელ პერიდზე, ხელფასის სრული ოდენობით. ხოლო სამსახურიდან გათავისუფლებისას (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას) დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

ამასთან, დასაქმებულისთვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია დროებითი შრომისუუნარობის მთელს პერიოდზე, ანუ დროებითი შრომითი ურთიერთობის შეჩერების დროს, გასცეს დახმარება 40 დღის განმავლობაში მიმდევრობით, ან 60 დღის მანძილზე 6 თვის განმავლობაში მის მიერ მისაღები თანამდებობრივი სარგოს, ანუ ხელფასის სრული ოდენობით.

საგულისხმოა,რომ ზემოაღნიშნული რეჟიმი ვრცელდება კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე“, – აღნიშნავენ პროფკავშირების გაერთიანებაში.

ამასთან, პროშკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დამსაქმებელს არ აქვს უფლება დასაქმებულს დააძალოს, შვებულებით აუცილებლად ისარგებლოს.

„თქვენ უფლება გაქვთ, ისარგებლოთ ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით, ხოლო ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 1 5 კალენდარული დღით (შრომის კოდექსი მუხლი 21). შვებულებით სარგებლობა, იქნება ის ანაზღაურებადი თუ არანაზღაურებადი არის თქვენი უფლება. დამსაქმებელს არ აქვს უფლება დაგაძალოთ, აუცილებლად ისარგებლოთ შვებულებით. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას მხოლოდ 2 კვირით ადრე დამსაქმებლის შეტყობინების ვალდებულება გაქვთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო“, – აცხადებენ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

გარდა ამისა, როგორც პროფკავშირებში აღნიშნავენ, საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს დამსაქმებელს შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო, რაც ასევე გულისხმობს კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (მათ შორის პირბადე, ხელთათმანები) უზრუნველყოფას.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button